შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
კვირა, 2020-05-31, 1:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » ალექსი ბერი
9:50 AM
ალექსი ბერი


სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ
და იმავე დღეს მისგან თქმული

აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე,
ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე;
გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე,
და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე.

აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო;
ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო,
ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო,
ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო!

უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე,
უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე,
ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე,
არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე.

გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი;
დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი!
ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი;
სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი.

აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა;
რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა;
შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა...
ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა.

დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი,
საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი,
ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი;
ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი.

კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან;
დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან,
ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან;
უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან.

აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას;
რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას,
უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას,
ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას.



გოდება ხორცისა მდაბიოთათვის

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო,
ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო,
შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,-
ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო;
ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო,
სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო,
ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო,
გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო,
ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო,
ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო,
ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო,
მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო,
ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო...

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა;
შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა,
აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა,
ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა,
წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა,
ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა,
გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა,
ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა,
ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა;
"ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა,
ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა,
ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა,
ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა,
ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა,
ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა.

ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა,
სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა,
დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა,
ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა.

ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა,
არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა,
არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა,
ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა.


სულის ნეტარება

სულმან რა მიყო ნეტარმა? მამის ზეცისა მცნობელი
წირვა ლოცვაში მატარა, მარად გალობით მხმობელი,
ხორცთა გემონი დაშრიტა, ნათლით იმოსა მკობელი,
ქრისტეს შეუდგა უფალსა, ქალწულებისა მდობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ტკბილსა იესოს მოველი,
მამა მოწყალეს მიმგვარა, ცხვარი წყმედული, პოვნილი,
დიდება ზეცის მომაგო, არსად თვალ-ნახვი რომელი,
ქრისტეს შეუდგა უფალსა, თავის ვარისა მყოფელი.

სულმან რა მიყო ნეტარმან? იცნა უფალი მპყრობელი,
ხორცის პატივი, შვენობა ქრისტეს შესწირა ყოველი,
სახარებისგან მახარა, მაცნობა წუთი სოფელი,
ქრისტეს შეუდგა, უფალსა ჯვარის აღების მთხოველი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ქრისტე მაყვარა ცხოველი,
აღმინთო გული ნათლითა, ღვაწლისა არა მყოვნელი,
გლახაკ, მდებარე იბრალა, ობოლი საწყალობელი,
ქრისტეს შეუდგა, უფალსა, სოფლისა მიუნდობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? საქმეცა მიუწთომელი,
ზეცის ბუნება მინათა, ენისა მიუთხრობელი,
ნათლის ლამპარი მიმზადა, არ ვისგან მიუქრობელი,
ქრისტეს მაგება, სიძესა, სავსე ლამპრითა მდგომელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? ვინ იყო შეუცთომელი,
სინანულითა გამბანა, სიწმიდისა იგი მშობელი,
ცის კარი ზეცით განმიღო, მამისგან ნათლის მთოველი,
ქრისტეს შეუდგა, ცხოვრებას საწუთროსა მთმობელი.

სულმან რა მიყო ნეტარმა? უძღები მპოვა მძოველი,
პირველ საუნჯე განმიღო, კვალად შემმოსა ყოველი,
საღვთო ბეჭდითა შემჭურა, ძლევა ჯვარითა მშრომელი,
ქრისტესთან აღსდგა უკვდავად, სული ძლიერი ცხოველი.



ჩემი სავანე

მაღალ კუნძულზედ ავაგე სახლი, დავყურებ ქვეყნის რთული ქმნულებას,
ტაძარი შიდ მაქვს, სულის სალხენი, მასშიდ ვუგალობ მაღლის ბუნებას,
ძღვენსა შევსწირავ უძლურებითა, წმენდდეს ადამის ტომთა წყლულებას,
ამით შევხარი აღდგომის დღესა, რით მე ვეწიო თავისუფლებას.

სახლის წინ ცაცხვი მიდგია დიდი, რტოთა შლილება შესახარია,
მის ქვეშ ნიავის ქროლა სუბუქი ზაფხულ ედემად შესადარია,
დაფნის ზღუდითა ზამთარ-ზაფხული ყნოსვა და ხედვა შესაყვარია,
მდაბლისა შვილსა მენიჭა ესე, წყალობის ცნობით გასახარია.

სიყვარული ქრისტესი

ტკბილო იესო, ჩემო ნუგეშო, ქმნული შენი ვარ მოწოდებული,
რა ვქნა უშენოდ მიწა ნაცარმა, ძალი ფუჭეა, მონდომებული!
ვებრძვი ცოდვასა, მაინც დამძლია, დავრჩი სურვილის დამონებული,
შენ განმიქარვე, შენ დამიშრიტე აზრი, დამწველი, მოგონებული.

არა, არ გაძლებს გული უშენოდ, მოვკვდე შენთვისა შენი მძებნელი,
ჩემო იმედო, ჩემო ნუგეშო, შენთვის გამხადე თავის მკვეთელი,
შენთვის მომკვდარი და მოწყვეტილი, დავრჩე მეც შენი მარად მხედველი;
ნურცა დამზოგავ, მტანჯე ხორცითა, ძალი შენ მომეც დასათმენელი.

ვითარ წარმოვსდგე, ვითარ გევედრო? საქმე კეთილი არ მეგულება,
მაგრამ სხვა ღონე მაინც არ არი, სხვა სახიერი არ მეყურება,
შენ შემეწიე, არც მე დავზოგო, სიჭაბუკეცა არ მეშურება,
დასჭკნეს ეგ ხორცი, ბოროტ მზრახველი, თუმცა ნებაბი დამემდურება!

არ შემიძლია, რომ შენ მოგშორდე, რადგან ტკბილი ხარ და სახიერი,
შორით მიგდიო, ქრისტე ვიძახო, რადგან მხსნელი ხარ და მადლიერი,
დღენი გამექცა, ღვაწლი მაჩუქე, მირბის სიცოცხლე, ეგ ჟამიერი,
შენ რო განმაგდო, ვისთან მაგზავნი? არ მსურს მე შენი სხვა მაგიერი!

რო განვიხილავ გულის სიღრმეში, ვის არ ახარებს შენი ხსენება,
ვინ არ შეგწირავს თვით მომცემელსა, შენი შედგომა ვის არ ენება?
შენი სიმშვიდე, წყნარი ქცევანი, ცოდვილთ მიღება მარად გენება,
მოვკვდე, უფალო, შენის ხილვისა, შენის შეხედვის მქონდეს მე ნება.

მიკვირს უფალო, ხომ კი მოვკვდები, მაშ თავი ჩემი რათ მეზოგება?
უშენოდ დღენი რაღას მახარებს, აბა ცოდვაში რათ მეყოვნება?
შენთვის, უფალო, მოვკვდე მე შენთვის, ოდეს წყალობით მოგეწონება,
მეცა ვიხარებ შენთვის სიკვდილსა, შენგან ნუგეში მომეგონება.

ნუ, შენ, უფალო, დამბადებელო, ნუღარ ინებებ, არ შეგვიწყნარო,
შენი სახელის დიდებისათვის ნუთუ მონანი არ დაგვიფარო?
ცოდვანი ჩვენნი სულ დაივიწყე, მერმისს სასჯელად არ დაგვიბარო,
კურთხევა შენი ყველას გვახარე, ტკბილო იესო, მშვიდო და წყნარო!



მეორე სათხოვარი საერთო,
ღვთის-მშობლისადმი

ვალდებულ მქონან ეგ სათხოვარი
მამა პაპეულ დანაბარია,
შენით მისმენდეს მე მაცხოვარი,
ამინს იტყოდეს მთა და ბარია.

ივერთა დედავ, შენია, შენი,
შენდა აღრჩეულ ქართველთა ერი,
ამათ გარგებდა წილთ-განაჩენი
პიროვან ერი შენ შესაფერი.

მოხედე, დედავ, ივერიისა
ზამთარი დიდი ადგია ჭირად,
შეჰყურებს საწყლად თვის ობლობასა,
ზამთრის გადასვლა უჯდება ძვირად.

შენ მოუვლინე ხსნა და საშველი,
ანგელოზ ნათლის მფარველი, მცველი,
პური და ღვინო უკურთხე ძველი,
შორად განხადე მტერ-მწვალებელი.

ჩვენი ნათესავ ქალწული ნინა,
შენგან ნუგეშად ქართლს მოევლინა,
ნათელი სახსრად რო მოეფინა,
ახლა დედაო, რად მოგეწყინა?

შენი შეწევნის გვაღირსე სმენა,
ერსა ახარე უკვდავებანი,
მშვიდობიანსა იტყოდეს ენა,
შორად განასხე მწვალებლობანი.

ისმინე ჩვენი შენდამი ვედრი,
სმენა წვალების გვაშურებს დიდად,
მგმობართა თვისი მიაგე ხვედრი
და ჩვენ გვარჩინე დაცული წმიდად.

დაიცევ სამწყსო შენი წილ-ხდომილ,
გარემოდგომილ მხეცებისაგან,
რათა ვერ გვპოვონ გლახაკ-დავრდომილ,
გვიხსენ განმრყვნელი მგელებისაგან.



ღვთის-მშობლის შესხმა

დავითის ქნარის ოქროს სიმები
ათ-ძალი ქების საგალობელი,
ადამის ტომთა სულთ სალხინები
შენ ხარ მარიამ სამადლობელი.

პირველ მთიების შობილის ძისა
პალატ უზადო შენ მხოლო სრული.
სძალო უსძლოვო მაღლისა ღვთისა,
სულის წმიდისა ტაძარი თნული.

დავითის ბობღან ქნარი-ებანი
შენთვის გალობდა ათასი წლობით,
შესრულდა შენზედ მისი ქებანი,
ღვთის ჩაგონებულ წინასწარ-ცნობით.

ესრედ ყოველნი წინა-მეტყველნი
საკვირველებით გიხსენიებდნენ,
აღსრულდა სიტყვა მათი ყოველნი,
წინად გვახარეს ვის ეძიებდნენ.

ვინ შესძლოს შესხმა ანუ მე ესე
ცოდვით ბურვილმან გავბედო წერა!..
მხოლოდ გლახაკმან გულს განვუწესე,
შენ განმიწმიდო გულისა მზერა.

მიკურთხე ბაგე ჩემი მწიკული:
მომმადლე სიტყვა შესაკადრია,
შენვე გშვენოდეს სხივი მზიური,
შენ ხარ ცოდვილთა მთვარე ბადრია.

ზეცის ქალაქის ბჭე-შესავალი,-
კარი წყალობის შენით განგვეღო,
ჩვენი დიდების კვლავ აღსავალი
შენგნით გვეხარა, რაც რო მიგვეღო.

კაცთა ნათესავთ შვენიერებას,
ღვთისა ჩვენდამო მეცნიერებას.
ანგელოზთაცა საკვირველებას,
ზეცისა ძალნი გიძღვნიან ქებას.

მე ვით შევაწყო საგალობელი,
მხოლოდ სურვილი ქების მწადეა,
რა ვსთქვა, ვით გაქო, აბა რომელი
მაქვს შენი სათნოდ მოსამზადეა.

ქება ქებათა ვერას შეგმატებს,
მხოლოდ ჩვენ გვინდა გესათნოოდეთ.
ღვთისა დედასა ვინ რას შეგკადრებს,
მხოლოდ გუნდრუკად გესაკმეოდეთ.

მუხლებ მოყრილი, ხელებ გაშლილი,
სირცხვილეული ქვე მხედველია,
ცოდვის კვეთებით მძიმედ დაღლილი
მიმიღე ცოდვილ მვედრებელია.

ბევრი მაქვს ბრალი შენ წინ ცდომილი,
ვიცი გაწყინე უღირსებითა,
მაგრამ ვინანი და ვარ გრძნობილი,
შენვე მოგმართავ აღსარებითა.

ჩემი სიცუდე, ჩემი სიბნელე
შენ რას დაგაკლებს, ხარ მადლიანი,
აუტანელი ჩემთვის სიძნელე-
შენ რომ დამაგდო მე ბრალიანი.

ძემან გვასმინა სრული შენდობა
სამეოც-შვიდ გზის დღესა შინაო,
აბა ნუ მტანჯავს დასჯილი გრძნობა,
გთხოვ, მომიხსენო ნათელს-შინაო.

გლახაკ-საწყალი ცრემლით გეაჯი,
ღვთისა დედა ხარ ნუგეშიანი,
განსდევნე ჩემგან, ეშმაკი ქაჯი
ნათლის ცხოვრების მძულებიანი.

მიხედენ რისხვით, ვერ უძლონ დგომად,
მღვიმედ რბიოდენ სირცხვილეულნი;
მხოლოდ ინებე, შერისხე წყრომად,
იქცენ უკუნად შენგან ძლეულნი.

ღვთისა დედაო, ვახ თუ შეგძულდე,
ცოდვების დრონი... მეყვედურება,
ვერ იხილავო მოკვდე, აღსრულდე,
ამას მექადის მესაუბრება.

მაგრამ მირჩება ვითომ იმედი,
იესო ტკბილის დედაც ტკბილია,
გულსა ვიოხებ ამის გამბედი,
ვერ გძლევს, რაც ცოდვა ჩემგან ქმნილია.

შენს ნათელობას, შენს უზადობას
სწორედ არ ძალ უძს მე მომიძულოს,
ჩემს გლახაკობას, ჩემს ჭინჭველობას
გული ვერ გითმენს, მტერმან მიგულოს.

ნუგეში მექმენ, ნათლის დედაო,
საწუთოიდან როს განვიდოდე,
გპოვო იმედად სულსა ზედაო,
შენი ფარვითა მე ცად ვიდოდე.

შენ გამახარებ, შენ დამაწყნარებ,
თორემ მზირავნი გამამწარებენ,
მაგრამ შერისხავ, მათ გააქარვებ,
და მე მფარველნი აღმამაღლებენ.

ჩემი მეუფე იესოს წინა
შენ დამიდგები ნათესაობით;
შესთხოვ, შეუნდევ რაც გაგაწყინა,
ვიქნე კურთხეულ უკვდავ დღეობით.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 932 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0